საბერძნეთისა და სრულიად დამსახურებულად, დასავლეთ ცივილიზაციის ანტიკური დედაქალაქი, ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, რთულია. გადატვირთულია თუ არა ხალხით? დიახ. ხმაურიანია? ძალიან. მწველი სიცხეა? ხანდახან. გიჩნდება სურვილი, არასდროს წამოხვიდე? რა თქმა უნდა! იგი ხომ ცნობილ ადამიანთა მთელი ენციკლოპედიის სამშობლოა, პლატონითა და სოკრატედან დაწყებული ტომი ლითა და არიანა ჰაფინგტონით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად სიტყვა „ენციკლოპედიაზე“. საბერძნეთის უდიდესი მეტროპოლისისგან იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელით. 3000 წელზე მეტი ისტორიით, თითქმის შეუძლებელია იმ კულტურულ-პოლიტიკური გავლენის გაცნობიერება, რომელიც მან რომის იმპერიაზე, ევროპის კონტინენტსა და ზოგადად მსოფლიოს ისტორიაზე მოახდინა. მიუხედავად ამისა, ათენი სულაც არ არის ძველი, მტვრიანი მუზეუმების ქალაქი. ევროპის უძველესი დედაქალაქი სავსეა ენერგიით, ისევე როგორც უსაზღვრო შემოქმედებითობით, რაც მის ხმაურიან ქუჩებში, ოჯახურ კაფე-რესტორნებში, ჰიპსტერულ თავშეყრის ადგილებსა და სავაჭრო მოლების ჯუნგლებში შეიგრძნობა.
პირველ რიგში, რაც ათენის მოკლე ისტორიაზე უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ქალაქის ისტორია ნეოლითური დასახლებიდან იწყება, ძვ.წ. 7000 წლიდან. საზღვაო პორტის განვითარების შემდეგ, ათენმა უზარმაზარი ზრდა განიცადა და ძლიერი ქალაქ-სახელმწიფოს სახელი გაითქვა. პიკს მე-5 საუკუნეში მიაღწია, პერიკლეს მმართველობისას, როდესაც ქალაქის მრავალი ცნობილი ტაძარი აიგო, მათ შორის პართენონი და განვითარდა ხელოვნება, თეატრი და ფილოსოფია. დღესდღეობით, ათენი ამაყობს საკუთარი წარსულით, ეგებება მომავალს და არასდროს ავიწყდება, რომ ცხოვრებას „siga, siga“(„ნელა-ნელა“’) მეთოდით მიუდგეს.
საბერძნეთის წმინდა კლდეს ქმნის, ათენის აკროპოლისი ანტიკური სამყაროს საოცრებების აღმოჩენის საწყის წერტილად ითვლება. ნეოლითის პერიოდში იგი სამხედრო ციხე იყო, შემდეგ ათენასადმი მიძღვნილი ტაძარი მიკენურ ხანაში, თანამედროვე ფორმა კი დემოკრატიული ათენის „პირველი მოქალაქის“, პერიკლეს მმართველობისას მიიღო. ანტიკურ ციტადელში მოთავსებულია სამი ცნობილი ტაძარი: პართენონი, ერექთეიონი და ნიკეს ტაძარი. ყველაზე სახელგანთქმული, რა თქმა უნდა, პართენონია, საბერძნეთის უდიდესი დორიული ტაძარი, რომელიც პენტელიკის მარმარილოთია აგებული ქალაქის მფარველი ქალღმერთის პატივსაცემად. საინტერესო ფაქტი: მისი სვეტები სწორხაზოვანი კონსტრუქციის ილუზიას ქმნის. სინამდვილეში, ტაძარს არ გააჩნია არც ერთი სწორი ხაზი. ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი ინახავს ბერძნული ანტიკური სიძველეების მსოფლიოში უდიდეს კოლექციას, 11000-მდე არტეფაქტს პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული გვიან ანტიკვარულამდე. გამოფენის ნამდვილი საგანძურია „აგამემნონის ნიღაბი“, რომელიც თანამედროვე ისტორიკოსის ქეითი გირის მიერ „პრეისტორიული ხანის მონა ლიზად“ იქნა აღიარებული. მცირე მეტროპოლია ან წმინდა ელეფთერიოსის ტაძარი, რომელიც განთავსებულია ქალაქის ყველაზე გადატვირთული სავაჭრო მაგისტრალის შუაგულში, ერმოს ქუჩაზე, არის პატარა მოსაგონარი ბიზანტიის ხანის ათენისადმი. ასევე, ათენის შვიდი ბორცვიდან უმაღლესზე, ლიკაბეტოსზე, წმინდა გიორგის ქათქათა ეკლესიაა განთავსებული, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ ათენას საყვარელი ქალაქის 360-გრადუსიანი ხედით.
ათენელების სერიოზული დამოკიდებულება კერძების მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ყველაფერი მარტივი, ახალი, გემრიელი და რაც მთავარია, გაზიარებადი უნდა იყოს. ბერძნული სალათი ამ ფილოსოფიის ცხადი მაგალითია. ეს კერძი, რომელიც მთავარ კერძადაც მიირთმევა და აპეტაიზერადაც, არის ვიტამინებით გაჯერებული ნაზავი პომიდვრის, კიტრის, სალათის ფოთლის, ხახვის, წიწაკის, ფეტასი და წვნიანი ზეთისხილისა და იგი ბერძნული სუფრის გამორჩეული ნაწილია. არ გაუშვათ ხელიდან მისი დაგემოვნების შესაძლებლობა. მსუბუქი, დახვეწილი და ჯანსაღი თევზის წვნიანები მზადდება სეზონური თევზითა და ბოსტნეულით და აუცილებელია, იგი ზღვის პროდუქტების ყველა მოყვარულმა დააგემოვნოს. პასტიციო ნამდვილი ბერძნული ნუგბარია: ძირითადად შეკმაზულია საქონლის ხორცის, პასტისა და ბეშამელის სოუსის ფენები, რომლებიც იქამდე მზადდება, სანამ იდეალურად არ დაიბრაწება.
ათენის საერთაშორისო აეროპორტი „ელეფთერიოს ვენიზელოსი“ (ATH) ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით, 27 კილომეტრის დაშორებითაა მოთავსებული, სპარტას გარეუბნის საზღვრად. აეროპორტის ტერმინალთანვეა რკინიგზის სადგური, საიდანაც მეტროს ხაზი ნომერი 3 და საგარეუბნო მატარებლების მომსახურება „პროასტიაკო“ პირდაპირ ქალაქისკენ მიემართება. ავტობუსის ხაზები ნომერი X93, X95, X96 და X97 ასევე პირდაპირ აკავშირებს აეროპორტსა და დედაქალაქს. აგრეთვე ხელმისაწვდომია ტაქსი და მანქანის დაქირავების მომსახურება.
ათენს ხმელთაშუაზღვის ცხელი ზაფხულის კლიმატი აქვს, რაც მის ამინდს ძირითადად ორ სეზონად ჰყოფს: მწველი, მშრალი ზაფხული და ზომიერი ზამთარი, იშვიათი წვიმებით. ივლისი და აგვისტო ითვლება ყველაზე მშრალ თვეებად, როდესაც საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია, ჰაერის ცხელი ტალღებით. ათენში დასასვენებლად სტუმრობისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული ან შემოდგომა. ან თუკი გსურთ, რომ ხალხის მასას დაასწროთ და (მეტნაკლებად) მარტომ მოიაროთ აკროპოლისი — ზამთრის თვეები.